logo
ENG



აღსრულების ბიურო: ჯაფარიძეზე სააღსრულებო წარმოება მის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდება

11 აგვ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 
vreug7o70mlt7ax.jpg

აღსრულების ეროვნული ბიურო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააღსრულებო წარმოება ჯაფარიძის პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირში არ არის.

"აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2020 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესება.

ასევე, მოვალეს, კანონის შესაბამისად, შეზღუდვა დაწესებული აქვს მხოლოდ ჯარიმის თანხის ოდენობაზე და მას აქვს შესაძლებლობა სურვილისამებრ განკარგოს დანარჩენი თანხა.

ამავდროულად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 2018 და 2019 წლებში შემოსული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კიდევ ორი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მასთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, უარს აცხადებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაზე", - ნათქვამია განცხადებაში. 

პარტია გირჩის ლიდერისა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ამის შესახებ ჯაფარიძემ "ფორმულას" განუცხადა. 

მისი თქმით, ყადაღის დადება შემთხვევითობა არაა და ეს დიდუბე-ჩუღურეთში მის მაჟორიტარობის კანდიდატობას უკავშირდება.


close დახურვა